English / ქართული / русский /
გიორგი აბაშიძე
ციფრული ეკონომიკა – საქართველოს ციფრული მზადყოფნის შეფასება[1]

ანოტაცია: მოცემულ ნაშრომში განხილულია ციფრული ეკონომიკის არსი და თეორიული საფუძვლები; განსაზღვრულია ციფრულ ეკონომიკაში ღირებულების ფორმირების მექანიზმი;  განხილულია საქართველოში არსებული მდგომარეობა და  შეფასებულია ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები;  წარმოჩენილია ციფრული ეკონომიკის განვითარების გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე ცალკეული მიმართულებების მიხედვით. არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასებულია საქართველოს ციფრული მზადყოფნის დონე, რაც შესაძლებლობას გვაძლევს განვსაზღვროთ საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარების არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები.

საკვანძო სიტყვები: ციფრული ეკონომიკა, ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ინდუსტრია 4.0,  საზოგადოება 5.0. 

შესავალი

ეკონომიკას, რომელიც ეფუძნება ციფრულ ტექნოლოგიებს, ციფრული ეკონომიკა ეწოდება. დღეს შეუძლებელია გამოვყოთ მიმართულება, რომელიც არ ეფუძნება ციფრულ ტექნოლოგიებს. ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკის ყველა სფერომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ციფრული ტექნოლოგიების ათვისებამ და ციფრულმა ტრანსფორმაციამ სრულიად შეცვალა საწარმოო პროცესები, ორგანიზაციული ურთიერთობები, მომხმარებელთან კომუნიკაციის ფორმები და  ის, თუ როგორ იღებს მომხმარებელი პროდუქციასა და მომსახურებას. Covid-19-ის  პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი, შედეგად კიდევ უფრო აქტიურად დადგა საკითხი ქვეყნების წინაშე,  მცირე  დროში  უზრუნველყონ  მომზადება  და  ადაპტაცია.

ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობა აღნიშნულია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებშიც, რომელთა მიხედვითაც ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, ციფრული ტექნოლოგიების ათვისება, ციფრული უთანაბრობის აღმოფხვრა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.  ცალკეული ქვეყნების უნარი,  ეფექტიანად მართონ ჩვენი დროის ყველაზე  სტრატეგიული  აქტივი – ინფორმაცია, არის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ძირითადი გამოწვევა. მონაცემები მრავალგანზომილებიანია და მათი სწორი გამოყენება გავლენას ახდენს არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ ადამიანის უფლებების  დაცვაზე, უსაფრთხოებაზე, გარემოს  დაცვასა  და მშვიდობაზე.

ციფრული ტექნოლოგიები დიდ როლს თამაშობს შრომის ბაზარებზეც. დღეს შეუძ­ლებელია წარმოვიდგინოთ  დასაქმების  ონლაინ პლატფორმების გარეშე დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის ურთიერთობა. ციფრული ტექნოლოგიები აჩქარებს და ამარტივებს სამუშაოს ძიების პროცესს, რაც სასარგებლოა ორივე მხარისთვის. გარდა დასაქმების პროცესის გამარტივებისა, ციფრული ტექნოლოგიები თავად ქმნის დასაქმების შესაძლებლობას სრულიად ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, რომლებიც ანაცვლებს უკვე არსებულ სამუშაო ადგილებს. შესაბამისად, მშრომელთა წინაშე აყენებს მოთხოვნას განსხვავებულ ცოდნასა და უნარებზე. დელოიტის კვლევის მიხედვით, გასული 15 წლის განმავლობაში ინგლისში ავტომატიზაციისა და რობოტების მეშვეობით გაქრა 800 ათასი არსებული სამუშაო ადგილი, მაგრამ იმავე პერიოდში შეიქმნა 3.5 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი, რომელთა ანაზღაურება გაცილებით მაღალია [Deloitte, 2015: 3].

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი გვიჩვენებს, რომ ციფრული ტექნოლოგიები ინტეგრირებულია წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროში და ქმნის ციფრულ ეკონომიკას, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება 21-ე საუკუნეში მის გარეშე წარმოუდგენელია. მოცემულ სტიმულატორს შეუძლია ეკონომიკური ზრდის ტემპის ზრდა და  სამუშაო ადგილების ძალიან მცირე დროში შექმნა, რაც ტრადიციული დარგებისთვის ციფრული ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია. გაციფრულება არ არის არჩევითი პროცესი, არამედ წარმოადგენს შეუქცევადს. შესაბამისად, მიმდინარე ტენდენციები იმ ქვეყნების მდგომარეობას, რომლებიც ადეკვატურ ნაბიჯებს არ დგამენ ამ მიმართულებით, კიდევ უფრო გააუარესებს და მათ ხარჯზე გაამდიდრებს ქვეყნებს, რომლებმაც ფეხი აუწყეს ციფრულ ცვლილებებს.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით აქტიურად დგას საკითხი ყველა ქვეყნის წინაშე, ხელი შეუწყონ ციფრული ეკონომიკის განვითარებას და უპასუხონ ციფრულ გამოწვევებს. 

ლიტერატურის მიმოხილვა

ტერმინი „ციფრული ეკონომიკა“ პირველად გამოიყენა დონ ტაფსკოტმა 1995 წელს წიგნში  „ციფრული ეკონომიკა: შესაძლებლობები და საფრთხეები ქსელურ სამყაროში“. ტაფსკოტი ამ ნაშრომში საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს დგას მსოფლიო: „ეს არის ახალი მსოფლიო კონკურენციის პლატფორმა, რომელიც რადიკალურად ამცირებს ტრანზაქციებისა და სხვა თანმდევი პროცესების დანახარჯებს, ცვლის გზას თუ როგორ მუშაობენ ინსტიტუტები, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, როგორ ხდება ადამიანების თანამშრომლობა და რესურსების თავმოყრა პროდუქციისა და მომსახურების შესაქმნელად“ (Tapscott, 2014 :28).

ავსტრიელი ეკონომისტი იოზეფ შუმპეტერი ნაშრომში „კაპიტალიზმი, სოციალიზმი და დემოკრატია“ იყენებს ტერმინს „კრეატიული დესტრუქცია“, იგივე „კრეატიული დესტრუქციის ქარიშხალი“, რომლითაც აღწერს თავისუფალი ბაზრის პირობებში მიმდინარე  „ტექნოლოგიურ პროგრესს, რომელიც მთლიანად ცვლის ეკონომიკის სტრუქტურას, ანადგურებს უკვე არსებული წარმოების წესს და ანაცვლებს მას ახლით“ (Schumpeter, 1942: 82-83). ციფრული ეკონომიკის სწრაფი განვითარება, წარმოების და მომსახურების სექტორში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა ბოლო 20 წლის განმავლობაში კრეატიული დესტრუქციის საუკეთესო მაგალითია. ციფრულმა ეკონომიკამ შეცვალა არა მარტო გზა, თუ როგორ იწარმოება და როგორ მოიხმარება პროდუქცია, არამედ ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ ვცხოვრობთ.

აღნიშნული ცვლილებები არის აუცილებელი და არა არჩევითი, შესაბამისად საკითხი დგას არა იმ მიმართულებით, მივიღოთ თუ არა აღნიშნული ცვლილებები, არამედ როგორ გამოვიყენოთ ის და მივიღოთ მისგან  მაქსიმალური  სარგებელი. ჩვენ არ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ ამ პროცესებს, რამდენადაც სისტემა ამ მიმართულებით იმდენად თვითგანვითარებადია, რომ  ცალკეულ ქვეყანას ან ქვეყანათა ჯგუფს არ შეუძლია მისი შეჩერება და არც ამ პროცესებში ჩართვის გარეშე განვითარება. წინააღმდეგობა ამ მიმართულებით გამოიწვევს მხოლოდ უარყოფით შედეგებს: „ისინი ვინც ეწინააღმდეგებიან კრეატიულ დესტრუქციას, არიან დაინტერესებული მხოლოდ დესტრუქციით“(Glenn Beck, 2011).

შუმპეტერი კრეატიულ დესტრუქციას აღწერდა, როგორც ისტორიულ პროცესს სტრუქტურული ცვლილებებისა, რომლებიც განპირობებულია ინოვაციებით. გამოყოფდა ოთხ ფაზას: აღმოჩენა,  სიახლის დანერგვა,  გავრცელება,  იმიტაცია.

ციფრულმა ეკონომიკამ ძალიან სწრაფად განვლო სტრუქტურული ცვლილებების ეტაპები, შეეხო თითოეულ ადამიანს და თითოეულ ბიზნესს, დააყენა მათ წინაშე ახალი მოთხოვნები და ციფრული ტექნოლოგიების გარეშე ყოველდღიური პროცესების წარმართვა შეუძლებელი გახადა. 

ინდუსტრია 4.0 და საზოგადოება 5.0

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია (ინდუსტრია 4.0) პირველად აღნიშნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა კლაუს შვაბმა 2016 წელს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. მან მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია აღწერა, როგორც ტექნოლოგიური რევოლუცია, რომელიც არღვევს გამყოფ ხაზებს ფიზიკურ, ციფრულ და ბიოლოგიურ სფეროებს შორის (Schwab, 2016:12). ტექნოლოგიური რევოლუცია ხასიათდება ექსპონენციალური ზრდით[2], რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ახალი ციფრული პროდუქტების შექმნასა და გავრცელებაზე. ციფრული პროდუქტი არ არის შეზღუდული ფიზიკური საზღვრებით და შეუძლიათ ძალიან მცირე დროში მოაგროვონ მომხმარებელთა დიდი რაოდენობა. გარდა ამისა, იცვლება მოხმარების სტრუქტურა, კერძოდ, იცვლება ბაზრების კლასიკური ხედვა და ყალიბდება ორმხრივი ბაზრები. ცნების – „ციფრული ორმხრივი ბაზრების“ – ჩამოყალიბება უკავშირდება ნობელის პრემიის ლაურიატს,  ფრანგ ეკონომისტ ჟან ტიროლს. მოცემული ცნების საფუძველზე ტიროლი აღწერს ციფრული ეკონომიკის შესაძლებლობას, შესთავაზოს მომხმარებელს პროდუქტი უფასოდ, მაგრამ მწარმოებელმა მაინც მიიღოს შემოსავალი თავისი პროდუქტიდან. მოცემულ შემთხვევაში შემოსავლის მიღება ხდება არა მომხმარებლის, არამედ მიმწოდებლის მხრიდან, კერძოდ, შემოსავლის წყაროს წარმოადგენს სხვა კომპანია, რომელიც რეკლამას ათავსებს მის ციფრულ პროდუქტში (ვებ - გვერდი, აპლიკაცია, პროგრამული პაკეტები და ა.შ).მოცემულ შემთხვევაში მომხმარებლის მიერ  ციფრული პროდუქციის მოხმარებას აქვს არა პირდაპირი შედეგი პროდუქციის მომწოდებლისთვის, არამედ დადებითი გარეგანი ეფექტი  (Miller, Claire Cain, 2014).

იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია შეეხო არა მხოლოდ იმას, თუ როგორ იწარმოება პროდუქცია და მომსახურება, არამედ იმას თუ როგორ ვცხოვრობთ,  შეგვიძლია ვისაუბროთ საზოგადოების გაციფრულებაზე, ანუ საზოგადოება 5.0-ზე. საზოგადოება 5.0 არის ციფრული საზოგადოება, რომელსაც აქვს უნარი გადაჭრას სხვადასხვა სახის სოციალური, გარემოსადცვითი თუ ეკონომიკური პრობლემები მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის  პროდუქტების სრულყოფილი გამოყენებით [ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT); ხელოვნური ინტელექტი (AI); ციფრული ინფორმაციული ნაკადები(big date); ნივთების ინტერნეტი (IOT); ქლაუდ ქომფიუთინგი]. აღნიშნული უზრუნველყოფს მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებას სრულიად ახალი ღირებულებებით. საზოგადოება 5.0-ის იდეა იაპონიამ ჩამოაყალიბა ინდუსტრია 4.0-ის საფუძველზე 2016 წელს და განსაზღვრა იგი, როგორც ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და ადამიანზე ორიეტირებული საზოგადოება. 

გრაფიკი 1.  საზოგადოება 5.0

 

წყარო: japan.go.jp 

ღირებულების ფორმირება ციფრულ ეკონომიკაში

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწრაფად მზარდი ინფორმაციისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად მსოფლიო ეკონომიკა განიცდის სწრაფ ტრანსფორმაციას.  ბოლო წლების ერთ-ერთ განმასხვავებელ ფაქტორს წარმოადგენს ექსპონენციალური ზრდა მანქანური დამუშავების ინფორმაციისა ანუ ციფრული ინფორმაციისა. ამ პროცესებს თან ახლავს დიდი ინფორმაციული ნაკადების დამუშავების ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის(AI)[3], ახალი ბიზნესმოდელების განვითარება. ყოველდღიურად სულ უფრო მეტი მოწყობილობის ჩართვა ხდება ქსელში, რაც სულ უფრო მეტ ადამიანს აკავშირებს ციფრულ სერვისებთან. შესაბამისად, იქმნება უფრო დიდ ღირებულებათა ჯაჭვი, დაკავშირებული ციფრული ტექნოლოგიების  საშუალებით, რაც,  თავის მხრივ,  ასტი­მულირებს მის გაფართოებას და განვითარებას.

შეგვიძლია, გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რომლებიც წარმოადგენს ციფრული ეკონომიკის საფუძველს და აყალიბებს ციფრულ ინფრასტრუქტურას, ამავდროულად წარმოადგენს ციფრული ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT)

ეს ნაწილი მოიცავს ყველა სახის მოწყობილობასა და სერვისს, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობას, გამოთვლას, ტელეკომუნიკაციას, ინფორმაციის დამუშავებასა და გამოტანას (OECD, 2020). ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორი წარმოადგენს ციფრული ეკონომიკის საფუძველს. ძირითადად ციფრული ეკონომიკის შეფასების დროს ფასდება ICT გავრცელებისა და ათვისების დონე, ასევე მისი წილი მშპ-ში. აღნიშნული, მართალია, არ ასახავს სრულად ციფრულ ეკონომიკას, მაგრამ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა მასზე. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან, რაც დღემდე რჩება პრობლემად ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. 

გრაფიკი 2. ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა და მათ წილი მთლიან მოსახლეობაში მსოფლიო დონეზე, 2005-2020 წლები.

 

წყარო: ITU, 2021 

ინტერნეტი დიდი ხანია არის პიროვნული რეალიზაციის, პროფესიული განვითარებისა და ღირებულების შექმნის შესაძლებლობა.COVID-19-ის პანდემიის გამო ის გახდა აუცილებელი მუშაობისთვის, სწავლისთვის, საბაზისო სერვისებზე წვდომისა და ურთიერთობისთვის. ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო ორგანიზაციის (ITU) უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ პანდემიის დროს ინტერნეტის ათვისება დაჩქარდა. 2019 წელს 4,1 მილიარდი ადამიანი (მსოფლიოს მოსახლეობის 49%) იყენებდა ინტერნეტს, 2020 წელს კი მომხმარებელთა რიცხვმა მიაღწია 4,6 მილიარდს (მსოფლიო მოსახლეობის 54%). მიუხედავად ამისა, ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 3.3 მილიარდ ადამიანს არ აქვს წვდომა ინტერნეტზე, რომელთა 96% პროცენტი ცხოვრობს განვითარებად ქვეყნებში. 

ციფრული ინფორმაციული ნაკადები(Big date)

ეს ნაწილი მოიცავს მონაცემებს, რომლებიც ხასიათდება დიდი მოცულობით, სიჩქარითა და მრავალფეროვნებით. აღნიშნულ მონაცემთა ბაზების გამოყენება შეიძლება  ახალი პროდუქტების დასამუშავებლად, სერვისებისა და პროცესების ოპტიმიზაციისა და ბაზრის კვლევის დროს. ინფორმაციის მოცულობა, რომელიც გამომუშავდება ციფრულ ეკონომიკაში განიცდის მუდმივ ზრდას. გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD)-ის მონაცემების მიხედვით 2022 წლისთვის მსოფლიო ინტერნეტპროტოკოლების ტრაფიკის[4] ზომა გადააჭარბებს ინტერნეტ პროტოკოლების ტრაფიკის ზომას, რომელიც დაგროვდა 2016 წლის ჩათვლით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფორმაციული ნაკადები დიდ ეფექტიანობას ავლენს ყველა დარგში, მათ შორის სოფლის მეურნეობაშიც. საუბარი არ გვაქვს  მიწის დამუშავების, თესლის დარგვისა თუ მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, სენსორებით აღჭურვილ სარწყავ სისტემებზე,  სათბურების პროგრამულ უზრუნველყოფასა თუ დრონებზე. საუბარი გვაქვს იმ ინფორმაციაზე, რომელიც შეიძლება ყოველწლიურად შეგროვდეს სხვადასხვა ფერმერულ მეურნეობებში.  მაგალითად, ბრაზილია დღეს არის სოიოს წარმოებით პირველი ქვეყანა მსოფლიოში. 10 წლის წინ სრულიად განსხვავებული მდგომარეობა იყო, ბრაზილია აწარმოებდა დღევანდელი წარმოების მხოლოდ ნახევარს. გასული 10 წლის განმავლობაში კი შეძლო წარმოების გაორმაგება, მაგრამ შეინარჩუნა ერთ ჰექტარზე დანახარჯების არსებული მაჩვენებელი  (324 დოლარი), რაც 12%-ით მცირეა, ვიდრე ამერიკის იგივე მაჩვენებელი. ბრაზილიის სოფლის მეურნეობის კვლევითი ორგანიზაციის განცხადებით (EMBRAPA), ეს ყველაფერი ფერმერული მეურნეობებიდან შეგროვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგია (data analysis technique). ფერმერები მონაცემთა დამუშავების ტექნიკის გამოყენებით ირჩევენ საუკეთესო თესლს მომავალი მოსავლისთვის (data-backed seed placement), არ ეყრდნობიან მხოლოდ იმ ინფორმაციას, თუ რა მუშაობდა წინა წელს ყველაზე კარგად. 

ხელოვნური ინტელექტი (AI)

ხელოვნური ინტელექტის განვითარება შესაძლებელი გახდა დიდი რაოდენობით ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე. აღნიშნული შესაძლებლობას იძლევა შემუშავდეს ქცევითი ალგორითმები. AI წარმატებით გამოიყენება ხმისა და სახის ამომცნობ ტექნოლოგიებში. ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე პროგნოზირებადი ანალიტიკა შესაძლებლობას იძლევა გადაილახოს ეკონომიკური პროგნოზირების დროს წარმოქმნილი გამოწვევები. ქცევის ეკონომიკაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვით ეკონომისტებს შეეძლებათ უფრო ზუსტად შეაფასონ ადამიანის აღქმისა და ქცევის გავლენა არსებულ მდგომარეობაზე.  McKinsey Global Institute-ის შეფასებით ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი 2030 წლამდე  მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი გაზარდოს 26%-ით. 

ნივთების ინტერნეტი (IOT)

IOT გულისხმობს ერთმანეთთან დაკავშირებულ მოწყობილობებს, რომელიც აყალიბებს ერთიან ინტელექტუალურ ეკოსისტემას. ეს არის ჭკვიანი ეკოსისტემა, რომლის მართვა შესაძლებელია დისტანციურად ინტერნეტის საშუალებით (Body of European Regulators for Electronic Communications, 2019). IOT სისტემას შეუძლია მონიტორინგი გაუწიოს პროცესების ძალიან ფართო ჩამონათვალს და საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად, ადამიანის ჩარევის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება. IOT სისტემები გამოიყენება უსაფრთხოების სისტემების გამართული მუშაობის, ბიზნესის ფარგლებში არსებული ინფრასტრუქტურის მართვის, სოფლის მეურნეობაში  ნიადაგის, ტენიანობის, ამინდისა და სხვა თანმდევი პროცესების მონიტორინგისა და გზებზე საავტომობილო ნაკადების რეგულირებისთვის. 2021 წელს მობილურ ქსელში ჩართული იყო დაახლოებით10 მილიარდი მოწყობილობა მაშინ, როდესაც მობილური ქსელის უნიკალური მომხმარებლების რიცხვი 5,3 მილიარდია (GSMA, 2020). 

ავტომატიზაცია და რობოტიზაცია

პროცესების ავტომატიზაცია რობოტების საშუალებით დღეს წარმოადგენს წარმოების განუყოფელ ნაწილს, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დასაქმებაზე. რობოტების განვითარება და მათი სულ უფრო ფართოდ დანერგვა წარმოებაში ამცირებს მოთხოვნას მთელ რიგ რუტინულ სამუშაო ადგილებზე. შესაბამისად მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგება განვითარებადი ქვეყნები, რამდენადაც უცხოური კაპიტალის შემოდინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს დაბალანაზღაურებადი სამუშაო ძალა წარმოადგენს. რობოტექნიკის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, საწარმოო რობოტების რაოდენობა 2010 წლიდან სტაბილურად წლიურად საშუალოდ 10%-ით იზრდება და 2020 წლისთვის 3,014,879 შეადგინა (The International Federation of Robotics, 2021). 

ქლაუდ ქომფიუთინგი

ეს მომსახურება  ყველა მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის ონლაინ­ გამოთვლით რესურსს (პროგრამული უზრუნველყოფა, მეხსიერება, გამოთვლითი კომპიუტერული რესურსი), რომელიც ეხმარება ბიზნესსექტორს, აქციონ ამ მიმართულებით გაწეული ფიქსირებული დანახარჯები მცირე ზღვრულ დანახარჯებად, რამდენადაც  ხსნის სერვერის საჭიროების  მოთხოვნას მათი შენობის ფარგლებში. აღნიშნული ბაზრის 75%-ს ფლობს 5 წამყვანი  კომპანია (გუგლი, მაიქროსოფთი, ამაზონი, აიბიემი, ალიბაბა).

იმისათვის რომ ნათლად დავინახოთ ღირებულების შექმნის პროცესი ციფრულ ეკონომიკაში, შეგვიძლია ვისარგებლოთ მე-3 გრაფიკზე გამოსახული მოდელით. 

გრაფიკი  3.  ინფორმაციის  მონეტიზაცია  ციფრულ  ეკონომიკაში

 

წყარო: გაერო, 2019. 

ღირებულების ფორმირების შესწავლა ციფრულ ეკონომიკაში გვეხმარება არა მარტო ციფრული ეკონომიკის ღირებულების შეფასებაში, არამედ იგი წარმოადგენს კარგ საშუალებას ცალკეული ქვეყნებისთვის, რათა  გამოავლინონ ღირებულებათა ჯაჭვში ის რგოლები, სადაც ინფრასტრუქტურის არარსებობა ან მისი განუვითარებლობა იწვევს ციფრული ეკონომიკის შეფერხებას. შესაბამისად მათ შესაძლებლობა ეძლევათ,  განახორციელონ მიზნობრივი ღონისძიებები ცალკეული მიმართულებით პრობლემების აღმოსაფხვრელად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ციფრული ეკონომიკა წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულ  სისტემას, სადაც მნიშვნელოვანია ყველა მიმართულების დაბალანსებული განვითარება.

ციფრული ეკონომიკა იზრდებოდა 2,5-ჯერ სწრაფად, ვიდრე მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი გასული 16 წლის განმავლობაში.   შექმნილი ღირებულების უმეტესი ნაწილი  მოდის განვითარებულ ქვეყნებზე – ამერიკა (35%), ჩინეთი (13%), იაპონია (8%), ევროკავშირი (25%), სადაც დომინირებს გერმანია (UNITED NATIONS CONFERENCE ON TRADE AND DEVELOPMENT, 2019). მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მთელი ღირებულება ციფრულ ეკონომიკაში შეიქმნა ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდესაც სხვა მიმართულებები ვითარდებოდა საუკუნეების განმავლობაში.

საინტერესოა ამ მიმართულებით წამყვანი ქვეყნების გამოცდილების განხილვა.

ჩინეთი

ჩინეთის წარმატება ციფრულ ერაში განპირობებულია ბოლო 20 წლის განმავლობაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებით:

წვდომა ინტერნეტზე – პირველი ნაბიჯი, რომელიც ჩინეთმა გადადგა ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, იყო მოსახლეობის ჩართვა ინტერნეტში. აღნიშნულში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სახელმწიფომ, რომელმაც უზრუნველყო ინფრასტრუქტურის  მშენებლობა. კერძო სექტორს შეუძლია ინტერნეტის გაქირავება მოცე­მული ინფრასტრუქტურის საფუძველზე.

განათლებაში ICT ტექნოლოგიების დანერგვა  ციფრული ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის არსებობა  განათლებაში მათი დანერგვით მიიღწევა.

შესაბამისი უწყების ფორმირება – ჩინეთმა 2008 წელს ჩამოაყალიბა მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრო  (MIIT), რომელიც პასუხისმგებელია ინტერ­ნეტის, ტელეკომუნიკაციის, მაუწყებლობისა და სხვა ციფრული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაზე.

გერმანია

გერმანიის ინფორმაციული და საკომუნიკაციო (ITC) სექტორი დიდ როლს თამაშობს დასაქმებაში. ბოლო 5 წლის განმავლობაში აღნიშნულმა სექტორმა შექმნა 150 000 სამუშაო ადგილი და ჯამურად ასაქმებს ერთ მილიონ ადამიანს.  შემოსავალმა მოცემულ სექტორში 2019 წელს შეადგინა 161 მილიარდი ევრო (Statista , 2019).

ციფრული ეკონომიკის წარმატება გერმანიაში განპირობებულია რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორებით:

ინტერნეტის ხელმისაწვდომობა – როგორც ჩინეთის შემთხვევაში აღვნიშნეთ, ციფრული ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ინტერნეტი. თუ მოსახლეობას არ აქვს წვდომა ინტერნეტსა და ციფრულ ტექნოლოგიებზე, შეუძლებელია ციფრული პროდუქტების სამომხმარებლო ბაზრის განვითარება. ამ მიმართულებით გერმანია ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა, სადაც მოსახლეობის 90% პროცენტს აქვს წვდომა ინტერნეტზე (International Telecommunication Union, 2021)

ციფრული ეკოსისტემის ჩამოყალიბება – გერმანიაში არსებობს ციფრული ეკონომიკის ასოციაცია ბიტქომი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს  2700 კომპანიას. ასოციაცია უზრუნველყოფს მრავალფეროვანი ციფრული სერვისებისა და პროდუქტების განვითარებას, ხელს უწყობს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ყველა სექტორში.

სახელმწიფოს მხარდაჭერა – გერმანიაში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა ციფრული ეკონომიკის განვითარების მთავარი ფაქტორია. შეგვიძლია გამოვყოთ სახელმწიფოს ხელშეწყობის ოთხი მიმართულება:

  • მცირე და საშუალო ტექნოლოგიური კომპანიების დაფინანსება;
  • „ციფრული ჰაბის ინიციატივა“  – გერმანიის სილიკონის ველის ფორმირების პროექტი, რომელიც 2016 წელს ამოქმედდა. პროექტი წარმოადგენს ამერიკის გამოცდილების გაზიარებას და მიზნად ისახავს ქვეყნის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაერთიანებას (German Federal Ministry for Economics Affairs, 2019).
  • ინოვაციური სტარტაპების ხელშეწყობა – გერმანიის ICT სექტორში წარმოდგენილია ყველაზე მეტი სტარტაპკომპანია,  სხვა სექტორებთან შედარებით.
  • გერმანია, როგორც „უნიკორნი“ ქვეყანა – უნიკორნებს უწოდებენ სტარტაპკომპანიებს, რომელთა ღირებულება აჭარბებს 1 მილიარდ დოლარს.  უნიკორნების რაოდენობა მეტ­ყველებს ქვეყნის სტარტაპეკოსისტემაზე და დაარსებული სტარტაპის შესაძლებლობაზე, გახდეს წარმატებული. გერმანია ერთ-ერთი ლიდერია უნიკორნების რაოდენობით. 

საქართველოს ციფრული მზადყოფნის შეფასება

მიუხედავად ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებისა, საქართველოს ციფრული მზადყოფნა მაინც დაბალია, რაც პირველ რიგში განპირობებულია ინტერნეტზე დაბალი წვდომით. 2021 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 73%-ს აქვს ინტერნეტზე წვდომა, ამ მაჩვენებლით საქართველო ჩამორჩება რეგიონში ყველა ქვეყნას. ევროპის საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით  91%-ს შეადგენს. 

გრაფიკი  4. ინტერნეტზე წვდომა % (მოსახლეობა)

წყარო: ITU, 2021

განვიხილოთ ინდიკატორები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს შევაფასოთ ქვეყნის ციფრული მზადყოფნა. ამ ნაწილში ჩვენ დავეყრდნობით გაეროსა და  ცისკოს ინდიკატორებს (cisco - Computer Information System Company).

ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსი –  შემუშავებულია გაეროს მიერ, აფასებს სახელმწიფო სერვისების გაციფრულების დონეს. მოიცავს სამ კომპონენტს: ელექტრონულ  სერვისებს, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასა და ადამიანურ კაპიტალს (UE - Department of Economic and Social Affairs, 2019).

ელექტრონული სერვისების კომპონენტი – თავის მხრივ შედგება ოთხი კომპონენტისგან:

1) რამდენად სთავაზობს სამთავრობო ვებგვერდები მომხმარებელს ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ და რამდენად არის ეს მორგებული მომხმარებელზე, ასევე რამდენად გამართულად მუშაობს ვებგვერდები.

2)  რამდენად არის ორმხრივი კომუნიკაციის დამყარება შესაძლებელი ვებგვერდების საშუალებით.

3)  ორმხრივი ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა სამთავრობო ვებგვერ­დების საშუალებით,

4) რამდენად არის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი. ინდექსი იღებს მნიშვნელობას 0-დან 1-მდე.

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის კომპონენტი – აფასებს ინტერნეტისა და მობილურის მომხმარებელთა რაოდენობას, სატელეფონო და ინტერნეტინფრასტრუქტურას. პირველი პუნქტი აფასებდა იმას, თუ რამდენად სთავაზობს სახელმწიფო სერვისებს; მეორე პუნქტი აფასებს იმას, თუ რამდენად შეუძლია საზოგადოებას ამ სერვისების გამოყენება.

ადამიანური კაპიტალის კომპონენტი  – ითვალისწინებს წიგნიერების დონეს, ასევე სკოლებში მოსწავლეთა და უნივერსიტეტებში ჩარიცხულთა მთლიან თანაფარდობას სწავლების საფეხურის შესაბამისი ასაკის მოსახლეობასთან.

აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოში შეადგენს 0,69-ს, ხოლო ევროპის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 0,83-ს.  ამ მიმართულებით საქართველო რეგიონში თურქეთსა და რუსეთს ჩამორჩება. 

გრაფიკი 5. ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსი

 წყარო: გაერო

საინტერესოა ფლეტჩერის სკოლის მიერ შემუშავებული ციფრული ევოლუციის ინდექსის განხილვა. ციფრული ევოლუციის ინდექსი არის ჰოლისტიკური შეფასება, რომელიც აერთიანებს 160 განსხვავებულ ინდიკატორს ოთხი ძირითადი მიმართულებით: მიწოდების პირობები, მოთხოვნის პირობები, ინსტიტუციური გარემო, ინოვაციები და ცვლილება. ციფრული ეკონომიკის სრულყოფილი სურათის შესაქმნელად ციფრული ევოლუციის ინდექსი ყურადღებას ამახვილებს 160 ინდიკატორზე, რათა გაზომოს გაციფრულების მიმდინარე მდგომარეობა და ტემპი.

მოცემული მაჩვენებელი შესაძლებლობას იძლევა ეკონომიკები გავანაწილოთ ოთხ ჯგუფში:

Stand out – მოცემულ ჯგუფში შემავალ ქვეყნებს აქვთ გაციფრულების მაღალი დონე და სწრაფი ზრდის ტემპი.

Break out – ეკონომიკები, რომელთაც აქვთ გაციფრულების დაბალი დონე, მაგრამ სწრაფი ზრდის ტემპი.

Stall out – გაციფრულების მაღალი დონე და ზრდის დაბალი ტემპი.

Watch out –  გაციფრულების დაბალი დონე და ზრდის დაბალი ტემპი. 

გრაფიკი 6.  ქვეყნების განაწილება გაციფრულების დონისა და ზრდის ტემპის მიხედვით

 

წყარო: The Fletcher School 

როგორც გრაფიკიდან ვხედავთ, საქართველო რეგიონის ქვეყნებთან ერთად ხვდება იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც აქვს გაციფრულების დაბალი დონე, მაგრამ მაღალი ზრდის ტემპები, რაც დამახასიათებელია განვითარებადი ქვეყნებისთვის. მოცემული ინდექსის მიხედვით საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა ინსტიტუციონალური გარემოს გაციფრულების მიმართულებით აქვს, რომლითაც ფასდება ციფრული ეკონომიკის საკანონმდებლო ბაზა, მთავრობის ციფრული ინფრასტრუქტურა, გამჭირვალობა და ეფექტიანობა. მოცემულ ნაწილში საქართველოს 90 ქულიდან 39 აქვს. ყველაზე მაღალი ქულა (62) საქართველოს ინოვაციების მიმართულებით აქვს, რომლითაც ფასდება ქვეყნის სტარტ­აპ ეკო­სისტემა, კერძო სექტორის გაციფრულება და ფინანსების ხელმისაწვდომობა ამ მიმართულებით.

მოცემული მაჩვენებლების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ციფრული ეკონომიკის განვითარების, ციფრული მზადყოფნის მიმართულებით იკავებს საშუალო დონეს რეგიონის ქვეყნებთან ერთად, მაგრამ აქვს ზრდის მაღალი პოტენციალი. დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს საქმიანობა ელექტრონული კომერციის  კანონპროექტისა და  ელექტრონული საქართველოს სტრატეგიის შემუშავების შესახებ. ასევე აღსანიშნავია, რომ აქტიურად მიმდინარეობს განათლებაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და ადაპტირება. წინ გადადგმული ნაბიჯია სატელეკომუნიკაციო რეგულაციების ევროპული მოდელის გამოყენება და ელექტრონული საბაჟო პროცედურების სრულყოფა. წარმატებით მიმდინარეობს საჯარო სერვისების  გაციფრულება. ამ მხრივ წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის www.my.gov.ge; სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პლატფორმების შექმნა, სადაც შესაძლებელია მრავალფეროვანი სერვისების მიღება ყველა მიმართულებით ონლაინრეჟიმში. 

დასკვნა და რეკომენდაციები

ტექნოლოგიები არ არის ცალსახად განმსაზღვრელი. იგი ქმნის როგორც შესაძლებლობებს, ასევე გამოწვევებს. შესაბამისად ქვეყნის მიერ მიღებული სარგებელი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გამოიყენებს შესაძლებლობებს და როგორ უპასუხებს გამოწვევებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ციფრული ეკონომიკა სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს ქვეყნებს – უზრუნველყონ ეკონომიკური ზრდა, დასაქმება, გაზარდონ ეფექტიანობა  ყველა სფეროში და იყვნენ კონკურენტუნარიანი ციფრულ სამყაროში. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ამ მიმართულებით ციფრული უთანასწორობაა, რომლის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების არათანაბარი წვდომაა ციფრულ ტექნოლოგიებზე, რაც მოქმედებს მათ შესაძლებლობაზე, განივითარონ ციფრული უნარები და დასაქმდნენ ციფრულ სამყაროში. ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს დაბალი წვდომა ინტერნეტზე. ინტერნეტიზაცია ციფრული ეკონომიკისთვის გარემოს ფორმირებაა, რომლის შემდგომი სრულყოფა ქმნის ციფრული ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას. ინტერნეტიზაციის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ინფრასტრუქტურის ფორმირება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, სადაც საზოგადოება აღარ იქნება დამოკიდებული კონკრეტულ პროვაიდერსა და ბიზნესინტერესებზე. ციფრული ინფრასტრუქტურის ინტეგრირება აუცილებელია ყველა სფეროში, დაწყებული ფინანსური სექტორიდან, დამთავრებული სოფლის მეურნეობით.

მაშინ როდესაც პრობლემების ნაწილი შეიძლება დავუკავშიროთ ქვეყნის შიდა ფაქტორებს, არის მთელი რიგი გამოწვევები, რომლებიც მოითხოვს ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და საერთაშორისო კანონმდებლობის შემუშავებას. ამ მხრივ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ამ სფეროში მოწინავე ქვეყნების კანონმდებლობასთან. აღნიშნული შექმნის საფუძველს ქვეყნისთვის, უპასუხოს საერთაშორისო ციფრულ გამოწვევებს და გახდეს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო დონეზე.

რეკომენდაციები

  • ინტერნეტიზაცია – დღეს საქართველოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ამ მიმართულებით ინტერნეტიზაცია წარმოადგენს. ჩინეთისა და გერმანიის მაგალითებზე დაყრდნობით აღვნიშნეთ, რომ ციფრული ეკონომიკის განვითარების საფუძველს სწორედ საზოგადოების ჩართულობა წარმოადგენს, სხვა შემთხვევაში ციფრული ეკონომიკა დარჩება აუთვისებელ რესურსად. ასევე ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ინვესტიციებს ციფრულ ინფრასტრუქტურაში.
  • განათლებაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა – იმისთვის, რომ სრულად აითვისოს ქვეყანამ ის შესაძლებლობები, რომელსაც ციფრული ეკონომიკა სთავაზობს, მან უნდა უპასუხოს უმნიშვნელოვანეს გამოწვევას – უზრუნველყოს საზოგადოება უნარებითა და ცოდნით, რომელიც აუცილებელია ციფრულ სამყაროში ნებისმიერი მიმართულებით საქმიანობისთვის.
  • საკანონმდებლო ბაზის მომზადება – ციფრული ეკონომიკა სრულიად ცვლის აქამდე არსე­ბულ ბიზნესმოდელებს, შესაბამისად მოითხოვს  რეგულირების ახალ მექანიზმს, რომელიც ხელს შეუწყობს პროცესების მართვას და არ შეაფერხებს ციფრული ეკონომიკის განვითარებას.
  • კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება – სფეროს განვითარებისთვის უმნიშვ­ნელოვანესია მრავალი კერძო კომპანიის არსებობა და მაღალი კონკურენცია, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას.
  • რეგიონალური განვითარების პოლიტიკის შექმნა – ციფრული უთანასწორობა ციფრული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია. ციფრული ინფრასტრუქტურა და სერვისები თანაბრად უნდა ვითარდებოდეს ცენტრალურ ქალაქებსა თუ რეგიონებში.
  • სტატისტიკის წარმოება – განვითარებადი ქვეყნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი სტატისტიკის არ არსებობა, რაც არ იძლევა შესაძლებლობას შეფასდეს არსებული მდგომარეობა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სტატისტიკის წარმოება, რაც აღნიშნული ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგებში დაფიქსირებასაც შეუწყობს ხელს.
  • სერვისების გაციფრულება / ციფრული მთავრობის ჩამოყალიბება – საჯარო სერვისების გაციფრულება მნიშვნელოვნად ამარტივებს კერძო სექტორისთვის სახელმწიფოსთან ურთიერთობას და აჩქარებს საქმის წარმოებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით შექმნილ ვებგვერდებს არ ჰქონდეს ფასადური სახე და შესაძლებელი იყოს სერვისების ონლაინრეჟიმში უმოკლეს დროში მიღება.
  • კიბერუსაფრთხოება – ციფრული ეკონომიკის განვითარების თანმდევი პრობლემაა ციფრული დანაშაულის ზრდა. საქართველომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებით, მაგრამ სტრატეგიის არსებობა არ ნიშნავს უსაფრთხო ციფრულ გარემოს. მნიშვნელოვანია ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, კიბერდანაშაულების გამოვლენა და აღკვეთა.
  • შესაბამისი უწყების ფორმირება – საქართველოში 2018 წელს შეიქმნა ციფრული ეკონომიკის ასოციაცია.  დაფუძნების ეტაპზე იყო მცირედი აქტივობები, მაგრამ ასოციაცია დღეს არ ფუნქციონირებს.
  • ციფრული ეკოსისტემის ჩამოყალიბება – ამ მიმართულებითაც მთავარი ფუნქცია სახელმწიფოს ეკისრება, რომელმაც უნდა შეუწყოს ხელი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას, ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების ჩართულობას და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას ყველა მიმართულებით. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. AgFunder. (2017, 6). Putting a Price on Farm Data. Retrieved from agfundernews.com: https://agfundernews.com/putting-price-farm-data.html
  2. Body of European Regulators for Electronic Communications. (2019, 3). Internet of Things indicators. Retrieved from berec.europa.eu: https://berec.europa.eu/eng/document_register/subject_matter/berec/reports/8464-berec-report-on-internet-of-things-indicators
  3. CISCO. (2019, 3). Digital readiness index. Retrieved from cisco.com: https://www.cisco.com/c/m/en_us/about/corporate-social-responsibility/research-resources/digital-readiness-index.html#/
  4. European Commissinon. (2018, 3). Study on the harmonisation of the digital markets in the Eastern Partnership. Retrieved from eufordigital.eu: https://eufordigital.eu/library/study-on-the-harmonisation-of-the-digital-markets-in-the-eastern-partnership-etrade-elogistics-digital-transport-corridors/
  5. German Federal Ministry for Economics Affairs. (2019, 3). Digital hub Initiative. Retrieved from https://www.de-hub.de/: https://www.de-hub.de/
  6. Germany trade and invest. (2019, 9). German Digital economy. Retrieved from gtai: https://www.gtai.de/gtai-en/invest/industries/digital-economy
  7. IBM. (2017, 9). Key marketing trends for 2017 and ideas fro exceeding customer expectations. Retrieved from International Business Machines: https://www.ibm.com/downloads/cas/XKBEABLN
  8. Internation monetary fund. (2019, 1). Chine's Digital economy. Retrieved from IMF: https://www.imf.org/~/media/Files/Publications/WP/2019/wp1916.ashx
  9. International Telecommunication Union. (2021, 5). Measuring digital development: Facts and figures 2021. Retrieved from www.itu.int: https://www.itu.int/itu-d/sites/statistics/
  10. MCkinsey global institute. (2017, 3). Chine's digital economy, A leader global force. Retrieved from mckinsey:https://www.mckinsey.com/~/ media/mckinsey/featured%20insights /China/Chinas%20digital% 20economy% 20A%20leading%20global%20force/MGI-Chinas-digital-economy-A-leading-global-force.ashx
  11. PricewaterhouseCoopers. (2019, 9). global top 100 companies. Retrieved from PWC.com: https://www.pwc.com/gx/en/audit-services/publications/assets/global-top-100-companies-2019.pdf
  12. Schwab, K. (2015). The Fourth Industrial Revolution - What It Means and How to Respond. 12.
  13. Statista . (2019, 7). Revenue in the information technology and telecommunications sector in Germany. Retrieved from www.statista.com: https://www.statista.com/statistics/460563/ict-industry-revenue-germany/
  14. The International Federation of Robotics. (2021, 5). Executive Summary World Robotics 2021 Industrial Robots. Retrieved from ifr.org: https://ifr.org/img/worldrobotics/Executive_Summary_WR_Industrial_Robots_2021.pdf
  15. Tapscott, D. (2014). The digital economy anniversary edittion: rethinking promise and peril in the age of networked intelligence. New york: MCGraw -hill education.
  16. UE - Department of Economic and Social Affairs. (2019, 8). E-GOVERNMENT SURVEYS. Retrieved from publicadministration.un.org: https://publicadministration.un.org/en/research/un-e-government-surveys
  17. UNITED NATIONS CONFERENCE ON TRADE AND DEVELOPMENT. (2019, 9). Digital economy report 2019. Retrieved from unctad.org: https://unctad.org/en/PublicationsLibrary/der2019_overview_en.pdf
  18. United states departament of agriculture. (2018, 6). economic, statistics ad market information system. Retrieved from usda.library.cornell.edu: https://usda.library.cornell.edu/about?locale=en
  19. World economic forum. (2017, 9). Digital Transformation Initiative: Unlocking B2B Platform Value. Retrieved from weforum.org: http://reports.weforum.org/digital-transformation/wp-content/blogs.dir/94/mp/files/pages/files/wef-platform-report-final-3-26-17.pdf
  20. WorldBank. (2018, 8). Digital Adoption Index. Retrieved from www.worldbank.org: https://www.worldbank.org/en/publication/wdr2016/Digital-Adoption-Index
  21. WorldBank. (2018, 8). Individuals using the Internet (% of population). Retrieved from data.worldbank.org: https://data.worldbank.org/indicator/IT.NET.USER.ZS?locations=GE-AZ-AM-TR-RU


[1] კვლევა განხორციელდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი MR-21-224]“.

[2]ექსპონენციალური ზრდა – გულისხმობს ზრდას მთელის მუდმივი პროპორციით, შესაბამისად, რაც უფრო იზრდება მთლიანი მოცულობა, მით უფრო იზრდება ზრდის ტემპი. ხასიათდება ზრდის გაცილებით მაღალი მაჩვენებლებით, ვიდრე წრფივი მოდელი (Investopedia, 2020).

[3]ხელოვნური ინტელექტი (AI) - გულისხმობს ციფრულ მოწყობილობებში ადამიანის ინტელექტის სიმულაციას. მოწყობილობას შესაძლებლობა აქვს დაამუშაოს ინფორმაცია და მიიღოს გადაწყვეტილება, გადაჭრას პრობლემა, როგორც ადამიანმა. AI-ის მიზანია კომპლექსური პრობლემების გადაჭრა ადამიანის ჩარევის გარეშე (International Telecommunication Union, 2020).

[4]ინტერნეტპროტოკოლების ტრაფიკი - დროის ერთეულში გადაცემულ მონაცემთა რაოდენობა მთელ ინტერნეტში (Center for Applied Internet Data Analysis, 2020).